Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პრეზიდენტი „გაზპრომთან“ დაგეგმილ ხელშეკრულებას აკრიტიკებს
Civil.ge
17 January 2017, 18:05

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ დაგეგმილი შეთანხმება, რომელიც ტრანზიტით სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის მონეტიზაციას გულისხმობს, აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და აზიანებს საქართველოს ინტერესებს; პრეზიდენტმა პარლამენტს „რისკების“ მინიმიზაციისთვის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ მოხდა ქვეყნის პოზიციების შესუსტება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დეკლარირებული საგარეო-ეკონომიკური ვექტორი არის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება და ამ მხრივ, ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაც მოხერხდა ყველა მიმართულებით. თუმცა, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ხელმოწერით, ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან - ენერგოსექტორში, მდგომარეობა გაუარესდა,“- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე. 

მან ასევე შეახსენა, რომ პრეზიდენტი „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე 2015 წლიდან ამახვილებდა ყურადღებას და მთელი ამ პროცესის განმავლობაში აღნიშნავდა, რომ  „გაზპრომის“ თემა არის უფრო მეტი ვიდრე ბიზნესგარიგება, რომ ეს არის უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ამის შემდეგ უკვე ენერგეტიკა და ეკონომიკა“.

„საბოლოოდ კი, შესაძლოა მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური დანაკარგები“, - აცხადებს პრეზიდენტი მისი პრესსპიკერის მეშვეობით.  

„აქედან გამომდინარე, ქვეყნის პირველი პირი მოუწოდებს პარლამენტს განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს  საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა, თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი  რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია“, - განაცხადა მიშველაძემ.

პარლამენტს მოსმენების გამართვისკენ, ხოლო მთავრობას დაგეგმილი ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებისკენ რიგ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ასევე მოუწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსხვილმა გაერთიანებებმა, თუმცა ამ დრომდე ადრესატებს მზაობა არ გამოუთქვამთ.

სულ ბოლოს ამ მოწოდებით განცხადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალმა  80-მა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სადაც მწვავედ გააკრიტიკა მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება, რომელიც „მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტით მიღებულ სარგებელს, როგორც ეკონომიკური, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით“ და „საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე“.

„პროცესი უნდა წარმართულიყო გამჭვირვალედ, და მთავრობას არ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. სამწუხაროდ, სახეზეა უპასუხისმგებლო, ჩვენთვის მიუღებელი მიდგომის მაგალითი. დარწმუნებული ვართ, რომ მოლაპარაკებების წარმართვისას ყველა არსებული პოლიტიკური, საზოგადოებრივი და პროფესიული რესურსის გამოყენება შესაძლებელს გახდიდა ასეთი შედეგის თავიდან აცილებას“, - ნათქვამია 17 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

„გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 11 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა მათ შემოთავაზებას რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ახალ პირობებთან დაკავშირებით და გადაწყვიტა 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რაც, მისი თქმით, გულისხმობს ხელშეკრულების მოქმედების პირველ წელს სომხეთში რუსული გაზის ნაწილობრივ კვლავ ნედლეულით ანაზღაურების ფორმის შენარჩუნებას, რაც შემდეგ ფულადი ანგარიშსწორების ფორმით გაგრძელდება - აქამდე საქართველო გატარებული მოცულობის 10%-ს აირის სახით იღებდა. არც „გაზპრომი“ და არც ქართული მხარე ტრანზიტის საფასურს არ ასაჯაროვებენ, თუმცა ორივე ადასტურებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მისაღებ გაზში საქართველო 1000 კუბურ მეტრზე  215 დოლარის ნაცვლად, 185 აშშ დოლარამდე შემცირებულ ფასს გადაიხდის. მხარეებს ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ცნობა არ გაუვრცელებიათ.

ამავე თემაზე

„გაზპრომი“ საქართველოსთან ახალ სატრანზიტო პირობებზე კომენტარს აკეთებს 
მთავრობას „გაზპრომთან“ დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ
კალაძე: „გაზპრომთან“ სატრანზიტო ხელშეკრულება შეცვლილი პირობებით გაფორმდება
კალაძე: „გაზპრომთან“ გაზის ტრანზიტის პირობებზე შეთანხმება მიღწეული არ არის
კალაძე „გაზპრომ-ექსპორტისა“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელებთან მორიგ შეხვედრებს გამართავს
ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომ–ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შესახებ
საქართველომ „გაზპრომთან“ შეთანხმებას ტრანზიტის არსებული პირობებით მოაწერა ხელი

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი